ციფრული ასაკის გადამოწმება, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელებსა და გასართობ პლატფორმებზე წვდომისთვის გამოიყენება, რეალურად მომხმარებლის კონფიდენციალურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჯორჯიას ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრების ახალმა ანგარიშმა აჩვენა, რომ პროცესი, რომელიც „უსაფრთხოების“ სახელით ინერგება, სინამდვილეში პერსონალური მონაცემების მასშტაბურ გაჟონვას იწვევს.

სად მიდის თქვენი მონაცემები?

კვლევის ფოკუსში მოექცა ლონდონში დაფუძნებული კომპანია Yoti, რომელიც ასაკის გადამოწმების სერვისს გლობალური ვებსაიტების დაახლოებით 60%-ს აწვდის. მათ კლიენტებს შორის ისეთი გიგანტები არიან, როგორებიცაა Meta, OnlyFans, Sony PlayStation და TikTok.

როგორც მკვლევრები განმარტავენ, პროცესი, რომელიც მომხმარებელს „უსაფრთხოდ“ ეჩვენება, სინამდვილეში მონაცემების მესამე და მეოთხე მხარეებისთვის გადაცემას გულისხმობს. როდესაც სისტემა თქვენს ასაკს ამოწმებს, ის პარალელურად აგზავნის თქვენს სახის ფოტოს, IP მისამართსა და ე.წ. მოწყობილობის ანაბეჭდს (device fingerprint).

ბარმენის მცდარი ანალოგია

ხშირად ასაკის გადამოწმების კანონმდებლობას ამართლებენ ბარმენის ანალოგიით, რომელიც პირადობის მოწმობას ამოწმებს. თუმცა, მკვლევარი მაიკლ სპექტერი ამბობს, რომ რეალობა გაცილებით საგანგაშოა: „ეს ჰგავს ბარმენს, რომელიც პირადობის მოწმობას ფოტოებს უღებს და მათ უცნობ კომპანიებს უგზავნის“.

შეგროვებული ინფორმაცია ხვდება საკრედიტო ბარათების კომპანიებთან, გეოლოკაციურ სერვისებსა და მონაცემთა ბროკერებთან. ეს კი ნიშნავს, რომ მომხმარებლის თვალთვალი და იდენტიფიცირება გაცილებით მარტივი ხდება.

ინტერნეტის ფრაგმენტაცია

კვლევა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე მიუთითებს — ინტერნეტის ბალკანიზაციაზე. აშშ-ის სხვადასხვა შტატში მოქმედი განსხვავებული კანონები იწვევს იმას, რომ ერთი და იმავე ვებსაიტზე წვდომა მომხმარებლის ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება.

მკვლევრები შიშობენ, რომ ეს ტენდენცია თავისუფალი ინფორმაციის გაცვლას შეზღუდავს. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ასაკის გადამოწმების სისტემები დაინსტალირებულია ისეთ ვებსაიტებზეც კი, სადაც კანონმდებლობა ამას არ მოითხოვს. ეს შესაძლოა იყოს კომპანიების მცდელობა, თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა შედეგად ზიანდება ინტერნეტის ღიაობა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კანონები, რომლებიც მომხმარებელთა მონაცემების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში საპირისპირო ეფექტს იძლევა,“ — აცხადებენ მკვლევრები.