ევროპარლამენტმა მიგრანტთა დაბრუნების შესახებ საკამათო კანონპროექტი კენჭისყრით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 418-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წევრი წავიდა.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა. მემარჯვენე ფრთის დეპუტატებმა გადაწყვეტილება შეძახილებით — „დააბრუნეთ ისინი უკან“ (Send them back) — აღნიშნეს.
ამ ქმედებას მემარცხენე დეპუტატების მხრიდან მყისიერი პროტესტი მოჰყვა. მათ პასუხად „სირცხვილი თქვენ“ (shame on you) სკანდირება დაიწყეს და დარბაზში მუშტები ჰაერში ასწიეს.
მიღებული კანონი მიგრაციულ პოლიტიკაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რაც მიზნად ისახავს იმ პირთა დაბრუნების პროცესის გამარტივებას, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის უფლება არ აქვთ. ინიციატივა დიდი ხანია ევროპულ პოლიტიკურ წრეებში მწვავე დებატების საგანია.
მომხრეები მიიჩნევენ, რომ კანონი უსაფრთხოებასა და მიგრაციის მართვას გააუმჯობესებს. მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ დოკუმენტი ადამიანის უფლებების კუთხით სერიოზულ რისკებს შეიცავს და ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტში გამართული ეს დაპირისპირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღრმა განხეთქილებას, რომელიც ევროკავშირში მიგრაციულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს. ევროპული პოლიტიკური სპექტრი ამ თემაზე ორად არის გაყოფილი, რაც პოლიტიკურ პროცესებს კიდევ უფრო რთულს ხდის.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.