სომალელი საფეხბურთო მსაჯი ომარ არტანი, რომელსაც აშშ-ში შესვლა აუკრძალეს და შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატზე მუშაობის შანსი დაკარგა, მაინც მიიღებს კუთვნილ ანაზღაურებას ფიფასგან. ინციდენტი მაიამის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა, სადაც არბიტრს საზღვრის დაცვის წარმომადგენლებმა 11 საათის განმავლობაში დაკითხეს.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, არტანს ქვეყანაში შესვლის უფლება იმ მიზეზით არ მისცეს, რომ მას კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფებებთან. თავად არბიტრმა აღნიშნული ბრალდება კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ დაკითხვისას მას სომალის მილიტანურ დაჯგუფება „ალ-შაბაბთან“ კავშირებზე ჰკითხავდნენ, რის შესახებაც არაფერი იცოდა.
„მე მქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი და მოქმედი ვიზა. უბრალოდ მსაჯი ვარ, რომელსაც საკუთარი ოცნების ასრულება სურდა – მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნა,“ – განაცხადა არტანმა მომხდარის შემდეგ. ინციდენტის შემდგომ, ფიფას წარმომადგენლებმა არბიტრს სტამბოლში დახმარება გაუწიეს, საიდანაც ის სამშობლოში, მოგადიშუში გაემგზავრა.
მიუხედავად იმისა, რომ არტანი ტურნირს გამოეთიშა, ფიფამ პირობა დადო, რომ მას სრულ ხელფასს გადაუხდის. მსოფლიო ჩემპიონატზე მომუშავე მსაჯების ზუსტი ჰონორარი წინასწარ ცნობილი არ არის და გადახდა ტურნირის დასრულების შემდეგ ხდება.
წარმატებული კარიერა და ახალი გამოწვევები
34 წლის არტანი, რომელიც 2025 წელს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) საუკეთესო მამაკაც მსაჯად დასახელდა, უკვე მიიწვიეს 12 აგვისტოს დაგეგმილ უეფას სუპერთასის მატჩზე. ზალცბურგში გასამართ შეხვედრაში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და ასტონ ვილა დაუპირისპირდებიან.
სომალელი არბიტრისთვის 2025 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო. ის გახდა პირველი სომალელი მსაჯი, რომელმაც კონტინენტური ფინალის განსჯა შეძლო. მან იმუშავა აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ასევე ჩილეში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე და აფრიკის ერთა თასზე.
მიუხედავად იმედგაცრუებისა, არტანი აცხადებს, რომ მზად არის კარიერა გააგრძელოს და მისი მიზანი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობაა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.