იაპონიამ თავდაცვის სტრატეგიაში ისტორიული ცვლილებები შეიტანა. თავდაცვის მინისტრმა შინჯირო კოიზუმმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია, რათა რეგიონში ახალი კონფლიქტები არ დაიწყოს.
კოიზუმის თქმით, ტოკიო აქტიურად მუშაობს აშშ-თან ალიანსის გამყარებაზე და თანამოაზრე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებაზე. ეს ნაბიჯები „მრავალშრიანი შეკავების“ პოლიტიკის ნაწილია.
ცვლილებები უკვე აისახა პრაქტიკულ ნაბიჯებზე. 50-წლიანი პაუზის შემდეგ, იაპონიამ დაიწყო თავდაცვითი აღჭურვილობისა და იარაღის ექსპორტი იმ 17 ქვეყანაში, რომლებთანაც ოფიციალური შეთანხმებები აქვს გაფორმებული, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან.
„ავსტრალიამ უკვე შეარჩია იაპონური სამხედრო გემები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფილიპინებთან, ინდონეზიასთან და ახალ ზელანდიასთან, რომლებიც იაპონური გამანადგურებლების შეძენით არიან დაინტერესებულნი“, — აღნიშნა კოიზუმმა.
იაპონიის ამჟამინდელი მთავრობა თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე ზრდის, რაც ომისშემდგომი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია. ბიუჯეტი მოხმარდება ახალ რაკეტებს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და წყალქვეშა ტექნოლოგიებს.
პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი აქტიურად ლობირებს კონსტიტუციის მე-9 მუხლის გადახედვას. ეს მუხლი იაპონიას ომის წარმოებისა და შეიარაღებული ძალების ყოლის უფლებას ფორმალურად ართმევს. კოიზუმი მხარს უჭერს ამ ინიციატივას და მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების გარემო რადიკალურად შეიცვალა.
„ჩვენ უნდა მოვერგოთ რეალობას, თუ გვსურს, რომ იაპონია მშვიდობიან ქვეყნად დარჩეს“, — განაცხადა მინისტრმა. ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ეს უფრო პოლიტიკური დღის წესრიგია, ვიდრე სამხედრო აუცილებლობა.
მთავარი გამოწვევა კვლავ ჩინეთთან ურთიერთობაა. ტოკიო ჩინეთის სამხედრო აქტივობას „ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევად“ აფასებს. მიუხედავად ამისა, კოიზუმი ხაზს უსვამს, რომ იაპონია ღიაა დიალოგისთვის და ცდილობს დაძაბულობის დიპლომატიური გზით მართვას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.