ნიგერიის სამხედრო ძალების განცხადებით, მაიორ-გენერალი რაბე აბუბაქარი, რომელიც 2015-2017 წლებში არმიის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებდა, ტყვეობაში გარდაიცვალა. გენერალი გასულ თვეში, კაცინას შტატში გადაადგილებისას, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მეუღლესთან და მძღოლთან ერთად გაიტაცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი 30 მაისს მოხდა, როდესაც გენერალი ქორწილში მიემგზავრებოდა. თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც აბუბაქარი ტყვეობაში, დაშავებული ფეხით ჩანდა. ვიდეოზე მის გვერდით მეუღლე და სხვა მძევლებიც იყვნენ.
სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საჯაროდ განცხადებას არ აკეთებდნენ, რათა მძევლების გათავისუფლების ოპერაციისთვის ზიანი არ მიეყენებინათ. შეიარაღებული ძალების განცხადებით, ყველა რესურსი მობილიზებული იყო გენერლის უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.
„უსაფრთხოების სამსახურების მიერ მიმდინარე სამაშველო ოპერაციების გამო, შეიარაღებულმა ძალებმა თავი შეიკავა საჯარო კომენტარისგან, რათა მძევლების უსაფრთხო დაბრუნების შანსი შეგვენარჩუნებინა“, — აღნიშნულია არმიის ოფიციალურ განცხადებაში.
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უსაფრთხოების კრიზისი კვლავ მწვავეა. რეგიონში ხშირია „ბანდიტებად“ წოდებული კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები, რომლებიც გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებებს, საქონლის ქურდობასა და სოფლებზე თავდასხმებს ახორციელებენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე, გარკვეულწილად, ჯიჰადისტური დაჯგუფებებიც ოპერირებენ.
გენერალ აბუბაქარის გარდაცვალების შემდეგ, ნიგერიის სამხედრო ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო მის ხსოვნას. 61 წლის გენერალს „კონტრტერორისტულ ოპერაციებში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის“ მადლობა გადაუხადეს. სამხედრო სპიკერის განცხადებით, დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისა და ტერორისტული ქსელების დემონტაჟისთვის ოპერაციები ამჟამად კიდევ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს.
ამ დრომდე უცნობია გენერლის მეუღლის ადგილსამყოფელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არცერთ დაჯგუფებას ოფიციალურად არ აუღია პასუხისმგებლობა ამ გატაცებაზე.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.