ლაოსის ცენტრალურ ნაწილში, ქსეისომბუნის პროვინციაში, სამაშველო სამსახურები დროის წინააღმდეგ იბრძვიან. მღვიმეში ჩარჩენილი შვიდი ადამიანის გადასარჩენად მასშტაბური ოპერაცია უკვე მეექვსე დღეა მიმდინარეობს.

ჯგუფი მღვიმეში გასულ ოთხშაბათს შევიდა. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ოქროსა და ველური ბუნების მოსაძიებლად მღვიმეებს ხშირად სტუმრობენ, მოულოდნელმა წვიმებმა და მეწყერმა ჩაამწყვდია. შესასვლელი ჩაიხერგა, რამაც მათი გამოსვლა შეუძლებელი გახადა.

რთული სამაშველო გარემო

სამაშველო ჯგუფების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მყვინთავებს ვიწრო და ტალახიან დერეფნებში უწევთ გავლა. მღვიმეთა სისტემა უკიდურესად რთულია — ზოგიერთი კამერა მხოლოდ 50 სანტიმეტრის სიგანისაა, რაც სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს.

მაშველები წყლის დონის დასაწევად სპეციალურ ტუმბოებს იყენებენ. ორშაბათს მათ შესასვლელთან არსებული ლოდების ნაწილის გაწმენდა შეძლეს, თუმცა მუდმივმა წვიმამ წყლის დონე კვლავ აწია, რამაც გუნდს ღრმა სექციებში გადაადგილება შეაფერხა.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

ამჟამინდელ ოპერაციაში ჩართულნი არიან ექსპერტები, რომლებმაც 2018 წელს ტაილანდში, ჩიანგ რაის პროვინციაში, დატბორილი მღვიმიდან 12 ფეხბურთელი მოზარდი და მათი მწვრთნელი გამოიყვანეს. ამ გუნდის წევრმა, კენგკარდ ბონგკავონგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ.

„მთელი დღე და ღამე წყლის ამოტუმბვა უწყვეტად მიმდინარეობს“, — აცხადებს კენგკავონგი.

მისივე შეფასებით, სამაშველო ჯგუფი იმ წერტილს მიუახლოვდა, სადაც სავარაუდოდ ჩარჩენილები იმყოფებიან. ექსპერტის თქმით, ისინი სამიზნე ადგილამდე დაახლოებით 20 მეტრში არიან. თუმცა, ამ დრომდე, მღვიმეში სიცოცხლის ნიშნები არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ტაილანდური ოპერაცია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გახმაურებულ სამაშველო ღონისძიებად ითვლება. მასში 10 000-ზე მეტი სპეციალისტი მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ამ მოვლენებზე არაერთი დოკუმენტური და მხატვრული ფილმი გადაიღეს.