ბარსელონას სიმბოლოდ ქცეულ Sagrada Família-ს ტაძარს ახალი სიმაღლე შეემატა. პაპმა ლეო XIV-მ საზეიმო ვითარებაში აკურთხა ტაძრის უახლესი და ყველაზე მაღალი ნაგებობა — „იესო ქრისტეს კოშკი“.
თებერვალში დასრულებული კოშკის წყალობით, ბაზილიკის საერთო სიმაღლემ 172.5 მეტრს მიაღწია. ამ მაჩვენებლით Sagrada Família ოფიციალურად გახდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ეკლესია.
პაპმა ტაძარი დაახასიათა, როგორც „ქვების, ფერებისა და სინათლის შედევრი“. მისი ვიზიტი სიმბოლურია, რადგან წელს ესპანელი არქიტექტორის, ანტონი გაუდის გარდაცვალებიდან 100 წელი სრულდება.
საზეიმო წირვას ესპანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, მეფე ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია, ასევე პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთში პაპის ერთკვირიანი ვიზიტი შაბათს დაიწყო. ეს უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კათოლიკური ეკლესიის მეთაური ქვეყანას ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
Sagrada Família-ს მშენებლობა გაუდის სიცოცხლეშივე დაიწყო და ათწლეულების განმავლობაში გრძელდება, რაც მას არქიტექტურული სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ამბიციურ პროექტად აქცევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.