საერთაშორისო საგამოძიებო ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც 11 ქვეყანა მონაწილეობდა, კრიპტოვალუტის ფულის გამთეთრებელი მსხვილი ქსელი AudiA6 გაუვნებელყვეს. ევროპის იუსტიციის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) ინფორმაციით, დაჯგუფებამ 2022-2025 წლებში 336 მილიონ ევროზე მეტი (დაახლოებით 390 მილიონი დოლარი) უკანონო სახსრები გაატარა.
ოპერაციის შედეგად, საქართველოში დააკავეს ქსელის ორი მთავარი ადმინისტრატორი — რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები. სამართალდამცავებმა ამოიღეს 25 დომენი, 30-ზე მეტი სერვერი და 80 ავტომობილი. გარდა ამისა, დაყადაღდა დაახლოებით 900 000 დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
რა იყო AudiA6-ის ფუნქცია?
AudiA6 წარმოადგენდა ე.წ. „მიქსერ-სერვისს“, რომელსაც კიბერკრიმინალები გამოსასყიდი პროგრამების (ransomware) მეშვეობით მოპარული თანხების „გასასუფთავებლად“ იყენებდნენ. სერვისი კრიმინალებს საშუალებას აძლევდა, უკანონო სახსრები დაემალათ და კვალი წაეშალათ. „გაწმენდის“ პროცესი დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა, რისთვისაც პლატფორმა 3-დან 10%-მდე საკომისიოს იღებდა.
Chainalysis-ის მონაცემებით, 2021 წლიდან AudiA6-ის საფულეებზე დაახლოებით 10 333 BTC მოხვდა, რაც ტრანზაქციის მომენტში 389 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გარდა მიქსერისა, დაჯგუფება, სავარაუდოდ, მართავდა „Dark2Web“-ს — ფორუმს, სადაც კიბერკრიმინალები უკანონო მომსახურებებს რეკლამას უწევდნენ და ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
ყალბი იდენტობები და „ფულის მულები“
გამოძიებამ გამოავლინა, რომ სქემა ეყრდნობოდა ათასობით ყალბ ანგარიშს, რომლებიც მოპარული ან ნაყიდი იდენტობებით იყო შექმნილი. Eurojust-ის ცნობით, იდენტიფიცირებულია 6 000-ზე მეტი „Know Your Customer“ (KYC) ჩანაწერი, რომლებიც დაკავშირებული იყო ე.წ. „ფულის მულების“ ანგარიშებთან.
ამ ანგარიშების ნაწილი რუსულენოვან შუამავლებს ეკუთვნოდათ, რომლებიც სპეციალურად კრიმინალური შემოსავლების კრიპტობირჟებზე გასატარებლად იყვნენ დაქირავებულები. ავსტრალიის ფედერალური პოლიციის ცნობით, AudiA6-მა 2024 წელს ავსტრალიური ბიზნესისგან მოპარული გამოსასყიდის ნაწილიც კი გაათეთრა.
ამჟამად AudiA6-ისა და Dark2Web-ის ყველა ვებ-მისამართი ჩამორთმეულია და მათ ნაცვლად სამართალდამცავების გამაფრთხილებელი ბანერებია გამოტანილი. საგამოძიებო ჯგუფში, საქართველოსთან ერთად, მონაწილეობდნენ აშშ, ავსტრალია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისლანდია, კანადა, გერმანია, იაპონია, შვეიცარია და გაერთიანებული სამეფო.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.