საქართველოში საერთაშორისო მასშტაბის სპეცოპერაცია დასრულდა, რომელიც მიზნად კიბერდანაშაულისა და ფულის გათეთრების ქსელების მხილებას ისახავდა. ოპერაციაში, რომელიც საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელობით დაიგეგმა, აშშ-ის საიდუმლო სამსახური, პოლონეთის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიურო და ლოძის პროკურატურა მონაწილეობდნენ.
სამართალდამცავების თქმით, კოორდინირებულ მოქმედებებში, რომელსაც მხარს უჭერდნენ Eurojust-ი და Europol-ი, დაახლოებით 100-მდე ოფიცერი იყო ჩართული. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს მასშტაბით ათეულობით ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობდა.
რა აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა
ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა კერძო საცხოვრებლებში, ავტომობილებსა და სამუშაო ოფისებში. ამოღებულია მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, რაც დანაშაულებრივი სქემის დეტალებს ფარავს. გარდა ამისა, დაყადაღებულია ფულის გათეთრების შედეგად შეძენილი ქონება, მათ შორის 173 ავტომობილი, ძვირადღირებული უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშებზე არსებული სახსრები.
აჭარის რეგიონში სამართალდამცავებმა 10 ივნისს ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
დანაშაულებრივი სქემა „AudiA6“
გამოძიებით დადგინდა, რომ დაჯგუფება, რომელიც ფსევდონიმით „AudiA6“ მოქმედებდა, 2022 წლიდან იყო აქტიური. მათი მთავარი საქმიანობა კიბერდანაშაულის გზით მიღებული კრიპტოვალუტის გათეთრება იყო.
დაჯგუფება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კიბერკრიმინალებს სთავაზობდა მომსახურებას, რათა მათ უკანონოდ მიღებული თანხების კვალი დაემალათ. 2022-2025 წლებში ჯგუფმა რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაათეთრა. გარდა ამისა, ისინი მართავდნენ პლატფორმას „Dark2Web“, რომელიც კიბერდანაშაულებრივი სერვისების რეკლამირებისა და კრიმინალური აქტორების დაკავშირებისთვის გამოიყენებოდა.
საქართველოს პროკურატურამ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და ხაზი გაუსვა, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.