ბრიტანეთის ბაზარზე არსებული ხუთი საბავშვო სათამაშო აზბესტს შეიცავს. ეს აღმოჩენა გამოცემა The Guardian-ის მიერ ინიცირებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა. აზბესტი ის ნივთიერებაა, რომლის შესუნთქვამაც შესაძლოა კიბოსა და სასუნთქი გზების სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს, ამიტომ მისი შემცველი პროდუქციის რეალიზაცია ბრიტანეთში კანონით აკრძალულია.

ბრუნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეამოწმეს ექვსი სათამაშო, რომლებიც ნიდერლანდებში უკვე ამოღებული იყო გაყიდვიდან, თუმცა ბრიტანეთში მათ კვლავ თავისუფლად ყიდულობდნენ. შედეგად, ხუთ მათგანში აზბესტის ბოჭკოები აღმოჩნდა.

რომელი სათამაშოებია საშიში?

კვლევის თანახმად, საშიში პროდუქტების სიაში მოხვდა შემდეგი სათამაშოები:

  • Fun Sand
  • Sand Art Bottle (მწარმოებელი: HTI Group)
  • Glitter & Glow
  • Magical Sand Art (მწარმოებელი: KandyToys)
  • Sand Filled Weirdo, Wordpad Montessori Sand Tray და 4 Pack Stretchy Gorilla Toy (Amazon-ის პროდუქცია)

ბრუნელის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერის, ეშლი ჰოუკინსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აზბესტის რაოდენობა მცირეა, ჯანმრთელობისთვის რისკი მაინც არსებობს. „რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო დიდია სიმპტომების განვითარების ალბათობა,“ — აცხადებს ჰოუკინსი.

რეაქცია ბაზარზე

Amazon-მა უკვე ამოიღო გასაყიდი სიიდან Sand Filled Weirdo და ქვიშის უჯრა, ხოლო „გორილას“ სათამაშოების შემთხვევაში დამატებითი შემოწმება დაიწყო. კომპანიის განცხადებით, ისინი ახლა უკვე მოითხოვენ აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნას, ვიდრე პროდუქტს ვებგვერდზე განათავსებენ.

Curious Minds-მა, Guardian-ისგან ინფორმაციის მიღებისთანავე, პროდუქტის უკან გაწვევა და მომხმარებლებისთვის თანხის დაბრუნება დაიწყო. მაღაზიის მფლობელი, ვენდი ჰამილტონი აღნიშნავს, რომ ბრიტანულ სისტემაში სერიოზული ხარვეზია: არ არსებობს ვალდებულება, რომ იმპორტიორებმა საცალო მოვაჭრეები გააფრთხილონ საშიში პროდუქტის შესახებ.

რეგულაციების კრიზისი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთის უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მწარმოებლების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, ვერ უმკლავდება გამოწვევებს. განსხვავებული რეგულაციები ევროპის ქვეყნებს შორის ქმნის სივრცეს, სადაც საშიში პროდუქცია ერთი ქვეყნიდან მეორეში შეუფერხებლად გადადის.

ბრიტანეთის პროდუქტის უსაფრთხოების მინისტრმა, ქეით დერდენმა განაცხადა, რომ მთავრობა იძიებს, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული ნივთები ბაზარზე. მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები ონლაინ ვაჭრობის დროს უსაფრთხოების სტანდარტების გასამკაცრებლად.