თაპანი ტეჩაჯარეონვიკულისთვის, ტაილანდური ბიზნეს-იმპერიის, TCC Group-ის ერთ-ერთი მემკვიდრისთვის, ქალის როლი უმაღლეს მენეჯმენტში არასდროს ყოფილა საკამათო საკითხი. ის MIT-ისა და ჰარვარდის ბიზნესსკოლის კურსდამთავრებულია და დღეს 61 000-მდე ადამიანს მართავს.

მისი დედა, ვანა სირივადანაბჰაკდი, TCC Group-ის ჩამოყალიბების პროცესში მეუღლის მთავარი პარტნიორი იყო. სწორედ დედის მაგალითმა განაპირობა თაპანის მტკიცე პოზიცია, რომ ლიდერობა სქესზე არ არის დამოკიდებული.

2023 წლიდან თაპანი საცალო ვაჭრობისა და შეფუთვის გიგანტ Berli Jucker PCL-ს ხელმძღვანელობს. კომპანიის პორტფელში შედის ტაილანდის სიდიდით მეორე ჰიპერმარკეტების ქსელი Big C, რომელიც ოპერირებს ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსსა და ჰონგ-კონგში.

მშობლების მემკვიდრეობა

თაპანის მამამ, ჩაროენ სირივადანაბჰაკდიმ, რომლის ოჯახის ქონებაც 10.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ბიზნესის მართვის სადავეები ხუთ შვილს შორის გასულ წელს გადაანაწილა. თითოეული მათგანი დღეს იმპერიის სხვადასხვა მიმართულებას კურირებს.

თაპანი იხსენებს, რომ ბავშვობაში მშობლების საქმიანობას აკვირდებოდა და მათთან ერთად საქმიან შეხვედრებზეც დადიოდა. მისი თქმით, მამის მთავარი პრინციპი იყო „მოგება-მოგების“ (win-win) სტრატეგიის ძიება პარტნიორობაში.

მართვის სტილი და ტექნოლოგიები

Berli Jucker-ის მართვისას თაპანი ცდილობს, კორპორატიული სტრუქტურა ოჯახური გარემოსთვის დამახასიათებელი ღირებულებებით გაამდიდროს. კომპანიის თანამშრომელთა 60% ქალია, ხოლო მენეჯმენტის ნახევარი ასევე ქალებს უკავიათ.

„მე მინდა, რომ საოჯახო ბიზნესი იყოს პროფესიონალური, მაგრამ ორგანიზაციას მაინც უნდა ჰქონდეს ოჯახური სითბო“, — ამბობს ის. ამჟამად კომპანია ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტის დანერგვაზე, რომელიც ენერგოეფექტურობასა და ლოჯისტიკის ოპტიმიზაციას ემსახურება.

მომავალ თაობაზე საუბრისას თაპანი აღნიშნავს, რომ მის შვილებს და ოჯახის სხვა ახალგაზრდა წევრებს არჩევანის სრული თავისუფლება ექნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბიზნესის პროცესებში ჩაერთვებიან, მათ თავად მოუწევთ საკუთარი ინტერესების მიხედვით კარიერული გზის განსაზღვრა.