კოლუმბიის საპრეზიდენტო არჩევნები მეორე ტურში გადავიდა. მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ კენჭისყრაში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა ხმების 50%-ზე მეტი, 21 ივნისს ქვეყნის ამომრჩეველი ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის გააკეთებს არჩევანს.
წინასწარი მონაცემებით, ხმების 43,7%-ით ლიდერობს მემარჯვენე კანდიდატი, იურისტი და ბიზნესმენი აბელარდო დე ლა ესპრიელია. მას მცირედით ჩამორჩება მოქმედი პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს მოკავშირე, მემარცხენე სენატორი ივან სეპედა, რომელმაც ხმების 41% მიიღო.
საარჩევნო კამპანია ძალადობის ფონზე წარიმართა. ქვეყანაში დაფიქსირდა დრონებით თავდასხმები, გატაცებები და პოლიტიკური მკვლელობები, მათ შორის, ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის ლიკვიდაცია გასულ წელს. ორივე კანდიდატს კრიზისის გადაჭრის რადიკალურად განსხვავებული გზები აქვს.
ივან სეპედა 2016 წლის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ერთ-ერთი არქიტექტორია, რომელმაც FARC-ის პარტიზანების განიარაღება გამოიწვია. ის პრეზიდენტ პეტროს „ტოტალური მშვიდობის“ სტრატეგიას უჭერს მხარს, რაც შეიარაღებულ დაჯგუფებებთან დიალოგსა და მოლაპარაკებებს გულისხმობს.
კრიტიკოსები სტრატეგიას წარუმატებელს უწოდებენ, რადგან პეტროს მმართველობის პერიოდში კოკაინის წარმოებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ხოლო სასაზღვრო ზონებში ძალადობამ მკვეთრად იმატა. სეპედა ეკონომიკური რეფორმების გატარებასა და სოციალური დახმარებების გაფართოებას ჰპირდება ამომრჩეველს.
საპირისპირო პოზიციაზეა აბელარდო დე ლა ესპრიელია, რომელიც საკუთარ თავს „ელ ტიგრეს“ (ვეფხვს) უწოდებს. ის დონალდ ტრამპის პოლიტიკის ღია მიმდევარია. დე ლა ესპრიელია მოითხოვს დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას, სამხედრო ძალებისთვის უფლებამოსილების გაზრდას და ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს სტილში, ჯუნგლებში მეგა-ციხეების მშენებლობას.
კანდიდატის ირგვლივ არაერთი სკანდალია. მას ხშირად აკრიტიკებენ წარსულში გახმაურებული კრიმინალებისა და ვენესუელის რეჟიმთან დაკავშირებული ფიგურების დაცვის გამო. თავად დე ლა ესპრიელია ამას ადვოკატის პროფესიულ საქმიანობად აფასებს.
არჩევნების მეორე ტურს დიდი გავლენა ექნება კოლუმბიის საგარეო პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობებში. თუ სეპედა აშშ-ს „ვასალურ სახელმწიფოდ“ ყოფნის წინააღმდეგია, დე ლა ესპრიელია ვაშინგტონთან უსაფრთხოების ალიანსის გაძლიერებასა და კარტელების წინააღმდეგ ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს უჭერს მხარს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.