ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დედაქალაქსა და რუსეთის ქალაქ ორენბურგს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ივლისიდან ამოქმედდება. აღნიშნულ მარშრუტს ავიაკომპანია „რუსლაინი“ მოემსახურება.
პირველი რეისი სოხუმის მიმართულებით 8 ივლისს შესრულდება, ხოლო საპირისპირო მიმართულებით თვითმფრინავი 9 ივლისს გაფრინდება. ავიაკომპანიის განრიგის მიხედვით, ფრენები კვირაში ერთხელ განხორციელდება და სეზონური ხასიათი ექნება — მიმოსვლა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ფრენის ხანგრძლივობა სამ საათზე ოდნავ ნაკლებია. სოხუმიდან თვითმფრინავები ყოველ ოთხშაბათს, საღამოს 19:10 საათზე აფრინდებიან და ორენბურგში შუაღამისას ჩაფრინდებიან. უკან, ორენბურგიდან, რეისები ხუთშაბათობით, 11:50 საათზე იგეგმება, ხოლო სოხუმში მგზავრები 12:35 საათზე ჩავლენ.
ამ მარშრუტზე კომპანია Bombardier CRJ100/200-ის ტიპის 50-ადგილიან საჰაერო ხომალდებს გამოიყენებს. ბილეთები უკვე გაყიდვაშია და მათი შეძენა „რუსლაინის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით რუსეთიდან ფრენების ინტენსივობა იზრდება. პარალელურად, ივლისიდან პირდაპირი რეისების დაწყება ეკატერინბურგიდანაც იგეგმება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.