ევროპულ სამედიცინო ჟურნალში (European Heart Journal) გამოქვეყნებული ახალი კვლევა აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ საკვებ დანამატებს, რომლებსაც ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებში ვადის გასახანგრძლივებლად იყენებენ, შესაძლოა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხე ახლდეს თან.

კვლევა საფრანგეთის ეროვნული ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის (INSERM) ხელმძღვანელობით ჩატარდა. მეცნიერებმა 112 395 მოხალისის კვების რაციონი და ჯანმრთელობის მდგომარეობა შვიდიდან რვა წლის განმავლობაში დეტალურად შეისწავლეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, ვინც დიდი რაოდენობით მოიხმარდა არანტიოქსიდანტურ კონსერვანტებს, ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) რისკი 29%-ით, ხოლო გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის გულის შეტევისა და ინსულტის რისკი 16%-ით იყო გაზრდილი.

რა დანამატებია საფრთხის შემცველი?

მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს 17 ყველაზე გავრცელებულ კონსერვანტზე. მათგან რვა კონკრეტულად დაუკავშირდა არტერიული წნევის მომატებას:

  • კალიუმის სორბატი (E202)
  • კალიუმის მეტაბისულფიტი (E224)
  • ნატრიუმის ნიტრიტი (E250)
  • ასკორბინის მჟავა (E300)
  • ნატრიუმის ასკორბატი (E301)
  • ნატრიუმის ერითორბატი (E316)
  • ლიმონმჟავა (E330)
  • როზმარინის ექსტრაქტი (E392)

აღსანიშნავია, რომ ასკორბინის მჟავა (E300) ასევე პირდაპირ დაუკავშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. მკვლევართა ჯგუფის წევრი ანაის ჰასენბოლერი აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დანამატების ფართო სპექტრი ადამიანების ჯანმრთელობაზე გავლენის კუთხით ასეთი მასშტაბით შეისწავლეს.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დანამატები ორგანიზმში იწვევს ოქსიდაციურ სტრესს და აზიანებს პანკრეასის ფუნქციონირებას, რაც საბოლოოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიურად აისახება.



"შედეგები მოითხოვს მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან რისკებისა და სარგებლის გადაფასებას, რათა მომხმარებელთა დაცვა გაუმჯობესდეს," - აცხადებს დოქტორი მატილდ ტუვიე.

ამ ეტაპზე რეკომენდაცია უცვლელია: უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ და მინიმალურად გადამუშავებულ საკვებს და შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ზედმეტ დანამატებს.