რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კარტაპოლოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადა და პრეზიდენტის ოფისი არ წარმოადგენენ იმ „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებს“, რომელთა განადგურებითაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინას ემუქრება.
კარტაპოლოვის თქმით, პარლამენტი არ არის ის ადგილი, სადაც სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა ხდება. მისი განმარტებით, დეპუტატები არ აკონტროლებენ ჯარს და არ იღებენ გადაწყვეტილებებს დარტყმების შესახებ. იგივე ლოგიკა ვრცელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაზეც.
რას გულისხმობს მოსკოვი „ცენტრებში“?
რუსი დეპუტატი ამტკიცებს, რომ ზელენსკი ოფისში არ იმყოფება და შენობა პრაქტიკულად ცარიელია. „აზრი აქვს თუ არა ძვირადღირებული საბრძოლო მასალის ხარჯვას ცარიელ ადგილზე?“ - განაცხადა მან.
კარტაპოლოვის განმარტებით, „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებში“ იგულისხმება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიწისქვეშა და კარგად დაცული მართვის პუნქტები. მისი თქმით, ეს ობიექტები ხშირად ქალაქების ცენტრების გარეთ მდებარეობს და კარგად არის შენიღბული.
ზელენსკის ბედი
კითხვას, შეიძლება თუ არა დარტყმის სამიზნე თავად ვოლოდიმირ ზელენსკი გახდეს, დეპუტატმა პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ რუსეთის უმაღლესი მთავარსარდლის პრეროგატივაა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს უკვე აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ იერიშების მიტანას იწყებს. ამ განცხადების პარალელურად, რუსეთის საგარეო უწყებამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ მოუწოდა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.