საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ახალი, არქიტექტურულად გამორჩეული სასტუმრო Sky Castle შენდება. პროექტი, რომელიც სამშენებლო ჰოლდინგმა European Village-მა წარმოადგინა, შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრის ფორმას იმეორებს.
ისტორიული კონტექსტი და დიდგორის ბრძოლა
სასტუმროს კონცეფცია არ არის მხოლოდ მარკეტინგული გადაწყვეტილება. ის 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლას ეძღვნება, რომელმაც საქართველოს ოქროს ხანას დაუდო საფუძველი.
ამ ისტორიულ ბრძოლაში მეფე დავით აღმაშენებლის სარდლობით ქართულმა არმიამ სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის ველზე ქართველებთან ერთად ჯვაროსანი რაინდებიც იბრძოდნენ, რომლებიც იერუსალიმიდან ქრისტიანი ძმების დასახმარებლად ჩამოვიდნენ.
რატომ აჭარა?
პროექტის ავტორების თქმით, ჯვაროსანი რაინდების მარშრუტი დიდგორის ბრძოლის ველისკენ სწორედ აჭარის სანაპიროზე გადიოდა. სასტუმრო Sky Castle ამ ისტორიული კავშირის სიმბოლურ მემორიალად აშენდება.
„Sky Castle მხოლოდ სასტუმრო არ არის. ეს ისტორიული მემორიალია. ჩვენ ვაშენებთ ობიექტს, რომლის არქიტექტურაც შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეების სტილთან არის დაახლოებული, რათა პატივი მივაგოთ საქართველოსა და ევროპის ისტორიულ კავშირს“, — განაცხადა European Village-ის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ფარტენაძემ.
პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ისტორიულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე არქიტექტურას აერთიანებს, 16 ივნისს თბილისში გაიმართა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.