ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში მძიმე ავარია მოხდა. კვადროციკლით მოსეირნე ორი მოზარდი კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე მათგანი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები კვადროციკლს მართავდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და შეჯახება გარდაუვალი გახდა. უბედური შემთხვევის შედეგად ყველაზე მეტად 8 წლის ბიჭი დაშავდა.

მოზარდმა თავისა და ყბა-სახის არეში მძიმე ტრავმები მიიღო. ის ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების გადაწყვეტილებით, მისი მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაყვანა იგეგმება.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, რომელიც 8 წლის ბიჭის თანატოლია, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ბავშვი შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებს და ამჟამად ჰოსპიტალში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.