აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის, ქვეყნის აღდგენის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება საპროცედურო ნორმების გვერდის ავლით, ე.წ. discharge petition-ის გამოყენებით იქნა მიღებული, რამაც საკითხის კომიტეტების გარეშე განხილვა გახადა შესაძლებელი.
კენჭისყრის შედეგად, კანონპროექტს მხარი 226-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 195 დეპუტატი წავიდა. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რესპუბლიკელთა იმ ჯგუფის ხმებით, რომლებმაც დონალდ ტრამპის პოზიცია არ გაიზიარეს. ინიციატივას დემოკრატებთან ერთად 18 რესპუბლიკელი და ერთი დამოუკიდებელი კონგრესმენი, კევინ კაილი შეუერთდნენ.
საგარეო საქმეთა კომიტეტში უმცირესობის წარმომადგენელმა, გრეგორი მიქსმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდება. მისი თქმით, კრემლმა პასუხი უნდა აგოს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის და ამორალური კონფლიქტისთვის.
კანონპროექტი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:
- უკრაინის აღდგენის დაფინანსება;
- რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერება;
- საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სესხების გამოყოფა უკრაინისთვის.
CNN-ის ინფორმაციით, თუ სენატიც მხარს დაუჭერს დოკუმენტს, ეს იქნება კონგრესის პირველი მსხვილი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ. ეს პაკეტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებას, არამედ რუსეთისთვის ეკონომიკური წნეხის გაზრდას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.