ავლაბარში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომი დამუშავება ოპერატიულად შეძლეს.

თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, უწყებაში შეტყობინება 112-დან შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე 15-მდე სახანძრო ავტოცისტერნა იქნა მობილიზებული.

ცეცხლი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულსა და სასხვენო გადახურვაზე იყო გავრცელებული. მეხანძრეების სწრაფი რეაგირების შედეგად, ცეცხლის გავრცელება შეჩერდა, ამ ეტაპზე კი ტერიტორიაზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი მოქალაქე. მას ქვედა კიდურის დაზიანება აღენიშნება. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ლევან მუსელიანის თქმით, საკითხს შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან, რათა ზუსტი მიზეზები დადგინდეს.