თბილისში, ავლაბრის რაიონში ხანძარი მოხდა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სხვენს გაუჩნდა, რამაც ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული რეაგირება გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მეხანძრე-მაშველებმა მისი უსაფრთხოდ გამოყვანა შენობიდან შეძლეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებული პირი კონტაქტურია.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მაშველების მიერ გამოყვანილ მოქალაქეს პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწია, რის შემდეგაც ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის გავრცელების არეალი მალევე შემოფარგლეს და მისი სრული ჩაქრობა უზრუნველყვეს.