11 ივნისს, დილის საათებში, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მორიგი საჰაერო თავდასხმის სამიზნე გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში გამთენიისას როგორც უპილოტო საფრენი აპარატების, ისე რაკეტების გამოყენების საფრთხე გამოცხადდა.

აფიპსკის ქარხანა, რომელიც სევერსკის რაიონში მდებარეობს, უკრაინული ძალებისთვის სტრატეგიულ სამიზნეს წარმოადგენს და მასზე თავდასხმა წარსულშიც არაერთხელ განხორციელებულა. ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შეტევის შედეგები მხოლოდ ქარხნით არ შემოიფარგლა. რეგიონის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის ინფორმაციით, სევერსკის რაიონში დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი, ერთი ადამიანი კი დაშავდა. პარალელურად, ქალაქ კრასნოდარში, მრავალბინიან სახლში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩენილ ხანძარს კიდევ ორი დაშავებული მოჰყვა.

დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს მონაცემებით, კრასნოდარში დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი სამხედრო აეროდრომიდან სამი კილომეტრის, ხოლო ორი სამხედრო დანიშნულების საწარმოდან დაახლოებით ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ შეტევა სწორედ ამ სამხედრო ობიექტების მიმართულებით იყო მიმართული.

აღსანიშნავია, რომ კრასნოდარის მხარე უკრაინის თავდაცვის ძალების რეგულარული სამიზნეა. რეგიონში ინტენსიურად იბომბება ნავთობტერმინალები, საცავები და გადამამუშავებელი ქარხნები. მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე ტუაფსეს საზღვაო ნავთობტერმინალზე ხუთი შეტევა დაფიქსირდა.

ივნისის თვის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს შეუტიეს, მათ შორის ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობის ბაზას.