აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიმართ მკაცრ რიტორიკას აძლიერებს. სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი აცხადებს, რომ თეირანმა შეერთებულ შტატებთან შეთანხმების გაფორმება „ზედმეტად გააჭიანურა“ და ახლა ამ ქმედებისთვის „საფასურს გადაიხდის“.
ამ განცხადებას წინ უძღოდა რეგიონში დაძაბულობის მორიგი ესკალაცია. ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ ირანის არმიამ ამერიკული Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდო. საპასუხოდ, აშშ-ის ცენტრალურმა სამმართველომ (CENTCOM) დაადასტურა, რომ 9-10 ივნისს „თავდაცვის მიზნით“ ირანულ სამიზნეებზე იერიშები მიიტანა.
ტრამპი Fox News-თან საუბარში აკონკრეტებს, რომ აშშ მზადაა დარტყმები განაახლოს და სამიზნეებად შესაძლოა კრიტიკული ინფრასტრუქტურა — ხიდები და ელექტროსადგურები — იქცეს. მისი თქმით, ირანული მხარე მოლაპარაკებების პროცესით მანიპულირებს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ, თავის მხრივ, აშშ-ს მოუწოდა, რეგიონიდან ჯარები გაიყვანოს. მისი განცხადებით, ამერიკელი სამხედროები მუდმივ საფრთხეში არიან „ადამიანური შეცდომების“ ან „ჯვარედინი ცეცხლის“ გამო.
ვითარება უკიდურესად დაიძაბა ირანის მიერ აშშ-ის ბაზებზე საპასუხო დარტყმების განხორციელების შემდეგ. ირანული სააგენტო Fars-ის მტკიცებით, თავდასხმები განხორციელდა ქუვეითში მდებარე ამერიკულ ბაზებსა და იორდანიაში F-35-ების დისლოკაციის ადგილებზე. თუმცა, აშშ-ის ოფიციალური წყაროების ცნობით, რაკეტებისა და დრონების უმრავლესობა განადგურდა და ამერიკულ მხარეს ზიანი არ მიდგომია.
აპრილიდან მოყოლებული, მხარეები შუამავლების დახმარებით სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. მიუხედავად დროდადრო გავრცელებული ინფორმაციისა შეთანხმებასთან მიახლოების შესახებ, თეირანის საჯარო პოზიცია კვლავაც აშშ-ის მოთხოვნების უარყოფაზე მიუთითებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.