აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა საფრანგეთში, D-Day-ს 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა. ჰეგსეთის თქმით, ევროპის სანაპიროები, მათ შორის ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის, მასშტაბური მიგრაციული ნაკადების წინაშე დგას.
ამერიკელი მაღალჩინოსანი არსებულ ვითარებას „სახიფათო იდეოლოგიის შემოტევას“ უწოდებს. მისი თქმით, ნავებით ჩამოსული ადამიანების რაოდენობა და მასშტაბი ევროპული ქვეყნებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა.
„ისმის კითხვა: როდის იმოქმედებენ ევროპული დედაქალაქები ამ ვითარების წინააღმდეგ, ან უკვე გვიან ხომ არ არის“, — განაცხადა ჰეგსეთმა. მიუხედავად კრიტიკული ტონისა, მან იმედი გამოთქვა, რომ სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სისტემატურად აკრიტიკებენ ევროპას იმიგრაციის კონტროლის სისუსტის გამო. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის საზღვრების დაცვის პოლიტიკა არაეფექტურია.
ჰეგსეთის განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ დაძაბულობას, რომელიც აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის მიგრაციული პოლიტიკის გარშემო არსებობს. კითხვაზე, არის თუ არა უკვე გვიან რადიკალური ზომების მისაღებად, ჰეგსეთმა უპასუხა: „იმედი მაქვს, რომ გვიან არ არის და მჯერა, რომ არ არის“.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.