აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრი განცხადება გააკეთა ირანის მიმართულებით. მისი თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს მანამ, ვიდრე ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება.
„გუშინ ირანს ძლიერად დავარტყით და დღესაც ძლიერად დავარტყამთ“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ქმედებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტეში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის, Apache-ის ჩამოგდებაა.
ტრამპმა ასევე ისაუბრა ნავთობის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. მან პირველად საჯაროდ დაადასტურა, რომ აშშ ირანიდან ნავთობის გატანას ახორციელებს, რაც, მისი თქმით, გლობალურ ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას უწყობს ხელს.
„დღეს პირველად ვაცხადებ, რომ ჩვენ უკვე ვიღებთ მილიონობით ბარელ ნავთობს ყოველ ღამეს“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ ირანმა ამ ოპერაციების მასშტაბი მხოლოდ ახლა გააცნობიერა. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ნავთობის ფასის შენარჩუნება 85–90 დოლარის ფარგლებში, ნაცვლად მოსალოდნელი 250 დოლარისა.
მიუხედავად დაძაბული რიტორიკისა, ტრამპმა ხაზი გაუსვა დიპლომატიური გზების მნიშვნელობას. მისი თქმით, შეერთებული შტატები კვლავ ცდილობს ირანთან ისეთი შეთანხმების მიღწევას, რომელიც რეალურად იმუშავებს.
„ჩვენ გვინდა მნიშვნელოვანი შეთანხმება, შეთანხმება, რომელიც შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. დამატებითი დეტალები სამხედრო ოპერაციების შესახებ ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.