ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტი მკაფიო გზავნილებს შეიცავს როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე ევროკავშირის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.

რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ევროკომისიისადმი მოწოდებაა. ევროპელი კანონმდებლები ითხოვენ, შეიქმნას სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას.

შეზღუდვები ოფიციალური პირებისთვის

დოკუმენტი მიესალმება ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. ეს შეზღუდვა ძალაში 2026 წლის 6 მარტიდან შევა.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ეს ნაბიჯი 2025 წლის 30 დეკემბერს ამოქმედებული ვიზის შეჩერების მოქნილი მექანიზმის ნაწილია. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევის პირდაპირი შედეგია.

გაფრთხილება ხელისუფლების

რეზოლუცია შეიცავს მკაცრ გაფრთხილებას საქართველოს მთავრობისთვის. ტექსტში ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის.

ევროპარლამენტის პოზიციით, ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის პოზიციას, რომ მხარდაჭერა მიმართული იქნება არა ხელისუფლების, არამედ ქართული საზოგადოების იმ ნაწილისკენ, რომელიც დემოკრატიულ პროცესებშია ჩართული.