ევროპარლამენტმა დაამტკიცა მკაცრი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ფაქტობრივ შეჩერებას აფიქსირებს. დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს ქვეყნის ევროპული კურსის ჩაშლაზე.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ „ქაღალდზეა“. დოკუმენტის ავტორმა, რასა იუკნევიჩიანემ, აღნიშნა, რომ ქვეყანა უკან იხევს იმ ცხრა პრიორიტეტის შესრულებაში, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად იყო განსაზღვრული.

ევროკომისიის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა 2025 წლის ანგარიში შეაფასა, როგორც „ყველაზე ცუდი დოკუმენტი, რაც კი კანდიდატი ქვეყნისთვის მომზადებულა“. რეზოლუციის მიხედვით, დემოკრატიული უკუსვლა ყველა საკვანძო სფეროს შეეხო.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სასამართლომ, პროკურატურამ, ეროვნულმა ბანკმა და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაკარგეს დამოუკიდებლობა. ასევე, გაუქმებულია ევროკავშირის მოთხოვნით შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო.

არჩევნები და პოლიტიკური რეპრესიები

რეზოლუციაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „გაყალბებულად“ არის მოხსენიებული. პარლამენტარები აკრიტიკებენ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, რომლებმაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის არჩევნებში მონაწილეობა გაართულა.

დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებს ეთმობა. რეზოლუციის თანახმად, საქართველოში 48 პოლიტპატიმარია, ხოლო 68 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული ბრალდებებით. პარლამენტი ითხოვს მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებასა და მისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის უფლების მიცემას.

ცალკეა გამოყოფილი ოპოზიციონერ ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტი. ევროპარლამენტი გმობს მის მიმართ განხორციელებულ, დოკუმენტში აღწერილ არაადამიანურ მოპყრობას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

სანქციები და საგარეო გავლენები

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, დაუწესოს მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მისი ოჯახის წევრებსა და გარემოცვას. დოკუმენტში ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი ფიგურა.

ასევე, მკაცრად არის გაკრიტიკებული ტელეკომპანიები „იმედი“, POSTV და „რუსთავი 2“. მათ ბრალი ედებათ სისტემატური დეზინფორმაციისა და მტრული პროპაგანდის გავრცელებაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, გაითვალისწინონ დიდი ბრიტანეთის მაგალითი და აღნიშნული მედიასაშუალებების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღონ.

რეზოლუციაში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებსა და ჩინეთისა და ირანის მზარდ გავლენებზე. განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინური სახელმწიფო კომპანიის მონაწილეობის გამო.