შინაგან საქმეთა სამინისტრო მესტიის მუნიციპალიტეტში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს აძლიერებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო სამ დღეში სულ 212 მაინერი ამოიღეს, მათ შორის 17 ერთეული ბოლო ოპერაციის შედეგად.
სვანეთში ენერგორესურსების უკანონო მოხმარების შემთხვევები სისტემატურ ხასიათს ატარებს. გამოძიების ცნობით, ადგილობრივები მაინერების საშუალებით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას არალეგალურად მოიხმარდნენ, რითაც ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლის მიღებას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, მესტიაში დაგეგმილია გამრიცხველიანების პროცესი. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რეგიონში დენის უკონტროლო ხარჯვის აღკვეთას. ამ დროისთვის სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიისთვის გადასახადს არ იხდის, რადგან ხარჯებს სახელმწიფო ასუბსიდირებს.
ენერგორესურსებით სარგებლობის წესის დარღვევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. კანონი აღნიშნულ დანაშაულზე სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად უკანონო საქმიანობაში ჩართული პირების იდენტიფიცირებას აგრძელებს.
სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული კრიზისი ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2020 წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დააფიქსირა, რომ მესტიის მოხმარება 19 სხვა რაიონის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდებოდა. 2021 წელს ადგილობრივების ნაწილმა ხატზე დაფიცებითაც კი სცადა მსგავსი საქმიანობის აღკვეთა, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალური რჩება.
კრიპტომაინინგისთვის სვანეთი მიმზიდველი გარემოა, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძის დროინდელი განკარგულებით, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურისგან გათავისუფლებულია. მაინერები კი, როგორც წესი, მეწარმეებად არ რეგისტრირდებიან, რაც მათ პრივილეგიით სარგებლობის საშუალებას აძლევს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.