საფრანგეთმა საქართველოში მოქმედი დაზვერვის ორი აგენტი უკან გაიწვია. ინფორმაციას ფრანგულ სადაზვერვო გამოცემა Intelligence Online-ზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
არსებული ცნობებით, თბილისმა საფრანგეთის მხარეს აგენტების გაწვევა მოსთხოვა. ქართული ხელისუფლება დიპლომატიური სკანდალის თავიდან ასარიდებლად მათ „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადებას არ დათანხმდა, თუმცა წაუყენა მკაცრი პირობა: თუ აგენტები ქვეყანას დაუყოვნებლივ არ დატოვებდნენ, მათი ვინაობა საჯარო გახდებოდა.
გამოცემის თანახმად, ეს გადაწყვეტილება მაისში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. კონკრეტულად, საუბარია „ქართუ ბანკის“ ყოფილი პრესმდივანისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი უძილაურის დაკავებაზე. უძილაური 5 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) დაკავებისას არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა ბრალდებული, უწყებამ დაადასტურა, რომ საქმე ერთ-ერთ ევროპულ სახელმწიფოს ეხება.
ინციდენტი ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებში დაძაბულობის ფონზე განვითარდა. ფრანგული მხარის მიერ აგენტების გაწვევა აღქმულია, როგორც მცდელობა, თავიდან აიცილონ უფრო მასშტაბური პოლიტიკური დაპირისპირება თბილისთან.
აღსანიშნავია, რომ გიორგი უძილაური „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანამოაზრედ მოიხსენიება, რაც საქმეს განსაკუთრებულ პოლიტიკურ დატვირთვას სძენს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.