საფრანგეთმა თბილისში დისლოცირებული დაზვერვის ორი ოფიცერი მაისში გაიწვია. გამოცემა Intelligence Online-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქართულმა მხარემ ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, გიორგი უძილაური დააკავა.
ვინ არის დაკავებული?
გიორგი უძილაური, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, 5 მაისს აიყვანეს. ქართული მხარე მას „ერთ-ერთი დიდი ევროპული ქვეყნის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. მოგვიანებით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მიანიშნა, რომ საქმე საფრანგეთს ეხება.
Intelligence Online-ის ცნობით, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა (DGSE) უძილაური გასულ თვეებში გადაიბირა, თუმცა ქართულმა კონტრდაზვერვამ ოპერაცია დროულად გამოავლინა.
ულტიმატუმი და გაწვევა
გამოცემის თანახმად, უძილაურის დაკავებიდან ოთხ დღეში საქართველოს ხელისუფლებამ დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, გაეწვიათ ქვეყანაში მომუშავე მათი აგენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისი მათი ვინაობის გასაჯაროებით იმუქრებოდა.
DGSE-მ მოთხოვნა შეასრულა და პარიზში ორი ოფიცერი დააბრუნა, რომლებიც საფრანგეთის საელჩოში იყვნენ აკრედიტებულები. საფრანგეთის მხარემ ოფიციალურად არ დაადასტურა ინფორმაცია მათი პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ და კომენტარისგან თავი შეიკავა.
საქმის დეტალები და პოლიტიკური კონტექსტი
გიორგი უძილაური ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი, ბექა გულედანი, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უძილაური პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო იდევნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 8 მაისს გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც, მათი მტკიცებით, უძილაურის „კონსპირაციული შეხვედრა“ და ფულის გადაცემაა ასახული.
ეს შემთხვევა სუს-ის მიერ აპრილიდან დაწყებული ოთხი ჯაშუშური საქმის ნაწილია. გარდა უძილაურისა, დაკავებულთა შორისაა თამაზ გოლოევი (რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით), გულბაათ რცხილაძე და ირაკლი ჩიხლაძე. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯაშუშური საქმიანობა ქვეყანაში „გაძლიერებულ რეჟიმში“ მიმდინარეობდა.
Intelligence Online-ის შეფასებით, ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი დარტყმაა ფრანგული დაზვერვისთვის, რომელიც საქართველოს რუსეთზე დაკვირვების ერთ-ერთ მთავარ პლაცდარმად მიიჩნევს. მიუხედავად დაძაბულობისა, პარიზი ცდილობს შეინარჩუნოს დიალოგი თბილისთან, რასაც, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ საფრანგეთის საჯაროდ არდასახელებაც ადასტურებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.