„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ლოიალურ ძალებთან, კერძოდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სრულად შეჩერებასა და გაუქმებას გეგმავს.

გეგელიას თქმით, მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული კურსი ფორმალურადაც კი აღარ არსებობდეს.

აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელ შეფასებაზე საპასუხოდ გააკეთა. პაპუაშვილმა გააკრიტიკა ბრიუსელის მიდგომა, რომელიც, მისი თქმით, „უფლებრივ სეგრეგაციას“ ახდენს და ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპებს ცვლის.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ევროკავშირის მსგავსი პოლიტიკა თანაბარ ერთა კავშირს „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ნაწილებად ყოფს.

გრიგოლ გეგელიას შეფასებით, რუსეთი, რომელიც რეგიონში საკუთარ მარცხს განიცდის, ცდილობს საქართველო სრულად ჩამოაშოროს დასავლურ ორბიტას. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი ამ ამოცანის შესრულებაში მთავარი დასაყრდენია.

„მარცხით გაწბილებული რუსეთი ახალ ამოცანაზეა გადასული. მიზანი არა მხოლოდ ინტეგრაციის შეჩერება, არამედ ამ პროექტის სრული ლიკვიდაციაა“, - აცხადებს გეგელია.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რიტორიკა პირდაპირ ემსახურება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლას და იმ გზის გაწყვეტას, რომელიც ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციისკენ აირჩია.