პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, გიგა ფარულავა მმართველ გუნდს მანიპულაციურ რიტორიკაში ადანაშაულებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, აშშ-სა და საფრანგეთს შორის არსებული დიპლომატიური დავა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.
ფარულავას შეფასებით, სახელმწიფო ინტერესები მოითხოვს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლად მოქმედებდეს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, დასავლური ქვეყნების შიდა ურთიერთობები საკუთარი დღის წესრიგისთვის მოარგოს.
„ოცნება“ ადამიანებს მტრებად და მოყვარეებად ჰყოფს, სწორედ ეს არის განმასხვავებელი. სუვერენულ სახელმწიფოს მისი ქვეყნის და მოქალაქეების ბედი უნდა აღელვებდეს და არა ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნება“, — განაცხადა გიგა ფარულავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე გამოეხმაურა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს, გამჭვირვალობის პრინციპს არ უპირისპირდება, თუმცა მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება კანონს არა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, არამედ რეპრესიული ინსტრუმენტად იყენებს.
შეგახსენებთ, რომ დებატები აშშ-ისა და საფრანგეთს შორის ტექნოლოგიური კომპანიების დაბეგვრას უკავშირდება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფრანგული მხარისგან კონკრეტული გადასახადების გაუქმებას ითხოვს, რაზეც ემანუელ მაკრონის პასუხი ცალსახაა: საფრანგეთი საკუთარ კანონმდებლობას დამოუკიდებლად განსაზღვრავს.
გიგა ფარულავას თქმით, სწორედ ამგვარი დიპლომატიური პროცესების საქართველოს კონტექსტთან ხელოვნური დაკავშირება არის ის „პროპაგანდისტული ხერხი“, რომელსაც „ქართული ოცნება“ აქტიურად მიმართავს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.