გაერო სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის. ორგანიზაციის ორი უდიდესი დონორი, შეერთებული შტატები და ჩინეთი, ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, რაც გაეროს ბიუჯეტს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
აღნიშნული ორი ქვეყანა გაეროს ძირითადი ბიუჯეტის დაახლოებით 42%-ს შეადგენს. The Wall Street Journal-ის ცნობით, შეერთებულ შტატებს ორგანიზაციის მიმართ ოთხ მილიარდ დოლარზე მეტი ვალი დაუგროვდა. ვაშინგტონმა ასევე შეამცირა მონაწილეობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
გაკოტრების რისკი
ჩინეთის მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ პეკინმა ბოლო პერიოდში 850 მილიონი დოლარი გადარიცხა, მას მაინც რჩება 455 მილიონი დოლარის დავალიანება. გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში, სიტუაციას „გაკოტრებისკენ რბოლას“ უწოდებს. მისი გაფრთხილებით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ორგანიზაცია შესაძლოა დაფინანსების სრულ დეფიციტს შეეჯახოს.
ფინანსური კრიზისის გამო, გაერომ უკვე დაიწყო ოფისების დახურვა. სამდივნოში დაახლოებით 3000 თანამდებობა გაუქმდა, შემცირდა მთარგმნელობითი სერვისები და სამშვიდობო ოპერაციების ხარჯები. ორგანიზაცია იძულებულია, დააჩქაროს სამშვიდობო კონტინგენტების გაყვანა და აჭიანურებს იმ ქვეყნებისთვის თანხების გადახდას, რომლებიც სამხედროებს მისიებისთვის აგზავნიან.
სტრუქტურული პრობლემები
გაეროს დაფინანსების მოდელი მოუქნელია: ორგანიზაციას არ აქვს სესხის აღების უფლება, ხარჯების ლომის წილი კი პერსონალის შენახვაზე მიდის. ამავდროულად, წევრი სახელმწიფოები მუდმივად ზრდიან გაეროს მანდატს, თუმცა ამ დამატებითი პროგრამების დაფინანსებაზე თანხმობას არ აცხადებენ.
ვითარებას ამძიმებს სხვა მსხვილი დონორების წვლილის შემცირებაც. გაეროს ბიუჯეტზე ზეწოლას ახდენს დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვედეთისა და ნიდერლანდის მიერ გადარიცხული თანხების კლება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ მრავალმხრივი ინსტიტუტების მხარდაჭერას არ წყვეტს, თუმცა მოითხოვს ფართომასშტაბიან რეფორმებსა და ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.