გორში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა სულხან თამაზაშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ჯგუფური ძალადობის ფაქტი სპონტანური იყო და მას არანაირი წინასწარი ბრძანება არ უძღოდა წინ.

„გორში მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან მძიმე შემთხვევა. თუმცა, მიმაჩნია, რომ დღეს სიღრმეებში შესვლა საჭირო არ არის. საზოგადოებამ ნახა, რომ სახელმწიფომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია ამ ფაქტის მიმართ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

შემთხვევა 27 მაისს, გორის კომბინატის დასახლებაში მოხდა. ვიდეოკადრები, რომლებიც „ქართლის ამბებმა“ გაავრცელა, ასახავს 29 წლის პაპუნა ლოცულაშვილზე პოლიციელთა ჯგუფურ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

რა მოხდა გორში?

თვითმხილველის, ლაშა აბისონაშვილის განცხადებით, რომელიც ინციდენტის დროს ლოცულაშვილთან ერთად იმყოფებოდა, დაპირისპირება პოლიციელის მხრიდან პროვოკაციული ქმედებით დაიწყო. მისი თქმით, პოლიციელმა მანქანა ლოცულაშვილს მიუახლოვა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა, მოგვიანებით კი სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს. აბისონაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა მასაც სცემეს, როდესაც ის სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია განსხვავებულია. მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, პოლიციელებმა მოქალაქე მხოლოდ გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც ლოცულაშვილი აგრესიული გახდა და სამართალდამცველს ქვით დაუზიანება მიაყენა.

მიმდინარე გამოძიება


ამ დროისთვის სამინისტროში ორი პარალელური გამოძიება მიმდინარეობს:

  • ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მიმართ;
  • პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (353-ე პრიმა მუხლი).