სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი პაპუნა ლოცულაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლითაც მან საზოგადოებას მოუწოდა, მისი საქმით აღარ დაინტერესდნენ. ლოცულაშვილის მტკიცებით, საქმე უკვე დასრულებულია და დასასჯელიც დაისაჯა.

ქეთი მოლაშვილი აღნიშნავს, რომ ლოცულაშვილის პოზიცია უმადურობის ნიშნებს შეიცავს. აქტივისტის თქმით, მაშინ, როდესაც პაპუნა ლოცულაშვილს პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა, მას მხოლოდ ინდივიდუალურად არ ურტყამდნენ. მოლაშვილის განმარტებით, ეს იყო სისტემური ძალადობა საქართველოს მოქალაქეზე.

„როცა პოლიციამ გცემათ, როცა ქვებზე ფეხით გათრიათ და წიხლებით სახეში გცემდნენ, ეს არ იყო მხოლოდ თქვენი, როგორც პიროვნების დევნა. სისტემა სცემდა საქართველოს მოქალაქეს და ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოება, სწორედ ამ სისტემურ ძალადობას ვეწინააღმდეგებოდით“, - აცხადებს მოლაშვილი.

აქტივისტი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების მხარდაჭერამ გადაარჩინა ლოცულაშვილი უფრო მძიმე შედეგებს. მისი თქმით, საზოგადოებრივი წნეხის გარეშე, ლოცულაშვილს შესაძლოა წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინათ და რამდენიმე წლითაც გაესამართლებინათ.

მოლაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლოცულაშვილის მოსაზრებას „დასჯილთა“ შესახებ და სვამს კითხვას, თუ რატომ არ არიან პასუხისგებაში მიცემული ჯგუფური ძალადობის მონაწილე სხვა პოლიციელები. მისი თქმით, მადლიერების გამოხატვა იმ მილიონობით მოქალაქის მიმართ, ვინც მისი უფლებების დასაცავად იბრძოდა, აუცილებელი იყო.

„მადლიერება კარგი რამეა, თუმცა ბევრს არ შეუძლია მისი გამოხატვა. მილიონობით მოქალაქე კბილებით გიცავდათ, რომ გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილიყავით და ლოგიკური იქნებოდა, მათთვის მადლობა გადაგეხადათ“, - დასძენს აქტივისტი.