საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიხედვით, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდება, კომერციული მიზნით წარმოებული ყველა ღვინო სავალდებულო დეგუსტაციას დაექვემდებარება. გამონაკლისს მხოლოდ „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია წარმოადგენს.
რა იცვლება მწარმოებლებისთვის?
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ცვლილებები მიზნად ისახავს ქართული ღვინის ხარისხის სტანდარტების ამაღლებას. 2017 წლიდან სავალდებულო დეგუსტაციას მხოლოდ საექსპორტო და დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები გადიოდა, თუმცა ახალი კანონით ეს მოთხოვნა ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ სხვა კატეგორიის ღვინოებზეც გავრცელდება.
მცირე მარნების ახალი სტატუსი
კანონპროექტი ცვლის „მცირე ზომის მარნის“ დეფინიციას. თუ აქამდე მცირე მარნად ითვლებოდა საწარმო, რომლის წლიური წარმადობა 40 000 ლიტრს არ აღემატებოდა, ახალი რეგულაციით ეს ზღვარი 25 000 ლიტრამდე მცირდება. ეს ცვლილება პირდაპირ აისახება ბაზრის სტრუქტურაზე და მცირე მეწარმეების საქმიანობის რეგულირებაზე.
„ბუნებრივი ღვინის“ განმარტება
კანონში „სახლის ღვინის“ ნაცვლად ახალი ტერმინი „ბუნებრივი ღვინო“ შემოდის. კანონმდებლობის თანახმად, ეს არის ორგანული ყურძნის ტკბილის სპონტანური დადუღებით მიღებული პროდუქტი. მის წარმოებაში დაუშვებელია დამატებითი ნივთიერებების გამოყენება, გარდა გოგირდის დიოქსიდისა, რომლის კონცენტრაციაც 40 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
„ყველა ღვინო, რომლის რეალიზაცია ხდება საქართველოს ბაზარზე, ან საზღვრებს გარეთ, უნდა იყოს თავისუფალი ღვინის ზადებისგან“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მისივე თქმით, „ბუნებრივი ღვინო“ თავისი არსით ნიშური და თვითმყოფადი პროდუქტია, რის გამოც კანონმდებლებმა მისთვის განსხვავებული მიდგომა შეიმუშავეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.