„დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის მიმდინარეობისას ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ზეწოლას ცდილობდნენ. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, მათ პრეზიდენტს „უსარგებლო და მავნე იდეები“ თავს მოახვიეს.

უშაკოვის განცხადებით, სამიტის ფარგლებში უკრაინის თემა ერთ-ერთი ცენტრალური იყო. მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსები ტრამპს არასწორი ინფორმაციით კვებავდნენ, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი „ძლიერი ფიგურაა“, რომელიც საკუთარი შეხედულებების დაცვას ახერხებს.

კრემლის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპელ ლიდერებს ომის გაგრძელება სურთ. უშაკოვის თქმით, მათი სტრატეგია ეფუძნება „ყალბ მოსაზრებას“, თითქოს ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ იცვლებოდეს, რაც, მისივე თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამასთან, რუსული მხარე აცხადებს, რომ ამ დრომდე აშშ-ის მოქმედ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონიათ. თუმცა, უშაკოვის ცნობით, უახლოეს მომავალში რუსეთს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვევიან. ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.