საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს — ამის შესახებ ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიული გარემო კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ პერსპექტივას.
გრეგოროვას განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის მომავალსაც განიხილავს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე საქართველოს შესახებ წლიური ანგარიში წარდგება, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას კრიტიკულად აფასებს.
„რეპრესიები განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ გამძაფრდა. დღეს პრაქტიკულად აღარ დარჩა არასამთავრობო სექტორი, რომელიც პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. დამოუკიდებელი მედიისთვის ვითარება უკიდურესად მძიმეა, ბევრმა მათგანმა ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია“, — განაცხადა გრეგოროვამ.
ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველო ამჟამად არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის დამახასიათებელი კანონის უზენაესობა საქართველოში „ქართული ოცნების“ მმართველობამ ჩაანაცვლა.
გრეგოროვა მიზნობრივი სანქციების დაწესების აუცილებლობაზეც საუბრობს, განსაკუთრებით იმ პირების მიმართ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. მან იმედი გამოთქვა, რომ სანქციებს ხელს არავინ შეუშლის.
„ეს ანგარიში არ არის მიმართული ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ის ეხება საქართველოს ხელისუფლებას და მათ რეპრესიულ პოლიტიკას. ქართველმა ხალხმა დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, თუმცა რეჟიმის ქმედებების გამო შესაძლოა შედეგები მათაც იგრძნონ“, — განაცხადა მან.
ევროპარლამენტარის თქმით, ევროკავშირი სტატუსს არა ხალხს, არამედ ხელისუფლებას ჩამოართმევს, რადგან ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დარღვეულია, კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.