„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ — ამ დევიზით, თბილისში, ილიას ბაღში მდებარე „სლინკ კაფეში“ ორდღიანი საქველმოქმედო ფლიმარკეტი იწყება. ღონისძიების მთავარი მიზანი ქართული დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაძლიერება და მათთვის ფონდის შექმნაა.
ფლიმარკეტი 30 მაისს, 12:00 საათზე გაიხსნება. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ბავშვებისთვის განკუთვნილ ხატვის მასტერკლასებს და კითხვის საათებს. დღის ბოლოს, 18:00 საათზე კი გუნდი მედიის მხარდასაჭერად სიმღერებს შეასრულებს.
უნიკალური აუქციონი
ღონისძიების კულმინაცია 31 მაისის საღამოს, 18:00 საათზე დაგეგმილი აუქციონი იქნება. აუქციონს მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი გაუძღვება, რომელიც აუქციონის მონაწილეებს თითოეული ნივთის განსაკუთრებულ ისტორიას გააცნობს.
აუქციონზე წარმოდგენილი ნივთები საზოგადოებისთვის გამორჩეული და საყვარელი ადამიანების კოლექციებიდანაა. მათ შორისაა:
- მზექალა შანიძის პირადი ხელნაწერი;
- ნინო რამიშვილის ფინჯანი სუხიშვილების საოჯახო კოლექციიდან;
- რეჟისორ ლანა ღოღობერიძის ნახატი;
- აკაკი შანიძის ხელმოწერა;
- ბიძინა გუჯაბიძის მიერ პამირის მთებში, იბსინას პიკზე დაკრეფილი ედელვაისები.
ორგანიზატორების განცხადებით, გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება დამოუკიდებელი მედიების ფინანსურ მხარდაჭერას, რაც კრიტიკულ პერიოდში მედიაპლატფორმებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.