მოსკოვში, კაპოტნიას რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ინციდენტი კრემლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრის დაშორებით მოხდა, რამაც რუსეთის დედაქალაქში საგანგებო ვითარება შექმნა.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ ქალაქი უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შეტევის სამიზნე გახდა. მისი თქმით, ერთ-ერთმა დრონმა ქარხნის ინფრასტრუქტურა დააზიანა, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
ადგილობრივი მაცხოვრებლები სოციალურ ქსელებში აქტიურად აზიარებენ ინფორმაციას საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. Telegram-არხ Astra-ს ცნობით, აფეთქებებისა და თავდაცვითი სისტემების აქტივობა მოსკოვის ოლქის არაერთ ქალაქში, მათ შორის პავლოვსკი პოსადში, რამენსკსა და ჟუკოვსკში დაფიქსირდა.
შექმნილი საფრთხის ფონზე, რუსეთის საავიაციო უწყებამ, „როსავიაციამ“, დროებითი შეზღუდვები დააწესა მოსკოვის მთავარ საჰაერო კარიბჭეებზე. ფრენები შეფერხდა დომოდედოვოს, შერემეტიევოს, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.
სიტუაცია რეგიონში კვლავ დაძაბულია. რუსული მხარე აცხადებს, რომ თავდაცვის სისტემები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა დრონების შეტევები მოსკოვზე ბოლო 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად გრძელდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.