უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ 16 ივნისს უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული ოპერაცია განახორციელეს რუსეთის დედაქალაქში. დარტყმის სამიზნე მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, რომელიც ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 500 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური ოპერაციების ძალების და სარაკეტო ნაწილების პირად შემადგენლობას. პრეზიდენტის განცხადებით, ეს დარტყმა არის სამართლიანი პასუხი რუსეთის აგრესიაზე.
რუსეთი იძულებული უნდა გახდეს დაასრულოს ომი ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. უკრაინის შორი მოქმედების იარაღი ამ იძულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, აღნიშნული საწარმო რუსეთის დედაქალაქის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტია. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წლიურად 12 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს, ხოლო გადამუშავების ეფექტურობა 85%-ს აღწევს.
სტატისტიკის მიხედვით, ეს ქარხანა მოსკოვის ბენზინზე მოთხოვნის 40%-ს და დიზელის საწვავის საჭიროების 50%-ს ფარავს. გარდა ამისა, ის მოსკოვის საავიაციო კვანძისთვის საწვავის მიწოდების მთავარი რგოლია.
თავდასხმის შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში - დომოდედოვოში, შერემეტიევოში, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკში - „როსავიაციამ“ დროებითი შეზღუდვები დააწესა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმის შედეგად ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ ქარხანა კრემლიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.