საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის ულტიმატუმს პასუხობს. საქმე ეხება ამერიკის პრეზიდენტის მუქარას, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთს ფრანგულ ღვინოზე 100%-იანი ტარიფები დაუწესდება, თუ პარიზი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიებისთვის დაწესებულ ციფრულ გადასახადს არ გააუქმებს.

მაკრონის საპასუხო განცხადებამ, რომ „ამერიკის გადასაწყვეტი არ არის, რა კანონები გვექნება ევროპელებსა და ფრანგებს“, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიპვია. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში გააზიარა და ხაზი გაუსვა, რომ როდესაც სხვა ქვეყნებს თანასწორობაზე ესაუბრები, საქმით კი მეორეხარისხოვნად მიიჩნევ, რისკი იმისა, რომ თავადაც ასე მოგექცნენ, ყოველთვის მაღალია.

„სასტიკი კარმა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები „სასტიკი კარმის“ გამოვლინებაა. მისი თქმით, ის მოთხოვნები, რომლებსაც ევროკავშირის ლიდერები აქამდე საქართველოს უყენებდნენ, ახლა აშშ-ის მხრიდან თავად ევროპული ქვეყნების მიმართ ისმის.

„როდესაც საქართველოს შემთხვევაში ისინი, პირიქით, გვაკრიტიკებდნენ, რომ კანონები მათი მითითებით მიგვეღო, ახლა ზუსტად იგივე რისკები დაეკისრათ მათ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხმა ამოიღო და განაცხადა, რომ ამერიკა ვერ უკარნახებს საფრანგეთს, როგორი კანონები მიიღონ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანის შეფასებით, ეს არის პირდაპირი პარალელი იმ მოვლენებთან, როდესაც საქართველოს გამჭვირვალობის კანონის მიღების პროცესში ევროპელი ლიდერები მკაცრად აკრიტიკებდნენ და ქვეყნის შიდა სამართლებრივ პროცესებში ჩარევას ცდილობდნენ. მისი თქმით, ახლა ევროპა თავად აღმოჩნდა იმავე პოზიციაში, როდესაც სუვერენული კანონმდებლობის დაცვა უწევს გარე მითითებების ფონზე.

კონტექსტი

დაპირისპირების მიზეზი ამერიკული ციფრული კომპანიების დაბეგვრაა. ტრამპის ადმინისტრაცია „ნიუ-იორკ პოსტთან“ საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული გადასახადები დისკრიმინაციულია. საფრანგეთი კი იცავს პოზიციას, რომ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ საკუთარი საგადასახადო პოლიტიკა. ეს დავა კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს დასავლურ ალიანსებში სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ვალდებულებების ბალანსის შესახებ.