პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციურ გაერთიანებებში მიმდინარე შიდა დაპირისპირება შეაფასა. მისი თქმით, პროცესები, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგზე ვითარდება, „ერთმანეთის დაჭმის“ პროცესია, რასაც ხელისუფლება „პატარა სიამოვნებით“ აკვირდება.

პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ქმედებები შედარებადია კინოფილმ „ცისფერი მთების“ სიუჟეტთან. მან აღნიშნა, რომ ის ძალები, რომლებიც ამ ალიანსების ორგანიზებას ცდილობენ, „არ არიან იმდენად გონიერნი“, რომ არსებული რეალობა სწორად შეაფასონ.

„ის ცირკი, რასაც ვუყურებთ, ამ ხალხის უკან მდგომ ძალებზეც მეტყველებს. ბრიუსელში რომ დადიან და მათ ქართველ ხალხად აცხადებენ, ეს იმაზეც მეტყველებს, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს და ვისზე დებენ ფსონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ კრიტიკულად შეაფასა დასავლელი პარტნიორების მიდგომებიც. მისი თქმით, როდესაც ბრიუსელი და სხვა საერთაშორისო აქტორები ასეთ „უმარტივეს საკითხებში“ ვერ ერკვევიან, ჩნდება კითხვა, რამდენად სანდოა მათთვის გეოპოლიტიკური საკითხების მინდობა.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სწორედ დასავლელი პოლიტიკოსების არასწორი გადაწყვეტილებები და ევროკავშირის სისუსტეა იმ არეულობის მიზეზი, რაც დღეს გლობალურ დონეზე, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომის სახით ფიქსირდება.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა დაინახოს, თუ რასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაც საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ. პაპუაშვილის განცხადებით, ეს პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა დღეს არასწორი ადამიანების ხელშია.