რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს და მომხდარს „უკიდურესად ცინიკურ დარტყმას“ უწოდებს.
უკრაინის ლიდერის თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად უტევს ბირთვულ ინფრასტრუქტურას. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, რომლებმაც დარტყმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება უკვე მოახერხეს.
„უკრაინის საგარეო და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ იმაზე, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორი დეტალურად იყოს ინფორმირებული მომხდარის შესახებ. რუსეთის ეს ქმედება მათი დიდი ხნის განმავლობაში გადაჭარბებული თავხედობის კიდევ ერთი გამოვლინებაა“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ოფიციალური მონაცემებით, რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებში რჩება. თუმცა, „ენერგოატომის“ ცნობით, იერიშის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა კონტეინერების მიმღები შენობა, სადაც ბირთვული საწვავი არ ინახებოდა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ მიმდინარე კვირაში რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 88 რაკეტა, 3250-ზე მეტი დრონი და 1800-მდე მართვადი საავიაციო ბომბი გამოიყენა. ღამის განმავლობაში დარტყმები განხორციელდა უკრაინის 13 ოლქში, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზეც.
ვითარება უკიდურესად დაძაბულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზეც, სადაც რუსული დარტყმების გამო საფრთხე ექმნება სადგურის ერთადერთ ელექტრომომარაგების ხაზს. ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა აგრესორმა დაინახოს, რომ მსგავსი ქმედებები საბოლოოდ მისსავე საზიანოდ ბრუნდება.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.