Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მარკ პალმერის პრიზი გადასცა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ჯილდო პირადად მის გარდა, იმ ადამიანებსაც ეკუთვნით, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.
სალომე ზურაბიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ე.წ. სინდისის პატიმრებზე. მისი თქმით, ეს ადამიანები უკვე 18 თვეა, უსაფუძვლოდ იმყოფებიან პატიმრობაში მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ევროპული გზისა და დამოუკიდებლობის ერთგულება შეინარჩუნეს.
პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები უკვე გასცდა დემოკრატიული უკუსვლის ფარგლებს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყანაში „დემოკრატიის განადგურება“ მიმდინარეობს. ზურაბიშვილმა არსებული ვითარება კარგად ორგანიზებულ რუსულ მოდელს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი რეპრესიული კანონები რუსული კანონმდებლობის ზუსტი ასლია.
საერთაშორისო პარტნიორებისადმი მიმართვისას ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების საჭიროებას. მისი თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შესაძლოა სხვა ქვეყნებისთვისაც სახიფათო პრეცედენტად იქცეს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი რეგიონში ცდილობს შექმნას სივრცე, სადაც დასავლური გავლენა სრულად იქნება გამორიცხული.
„ის, რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვისაც. მოსკოვისთვის არასწორი და გაუგებარი სიგნალი იქნება, თუ რუსეთს ასე მარტივად მიეცემა კავკასიაში დაბრუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ კავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად რჩება, სადაც დასავლეთის ყოფნა აუცილებელია.
გამოსვლის დასასრულს, საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სიმტკიცეზე ისაუბრა. მან პირობა დადო, რომ წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოების წევრები საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, მიუხედავად პოლიტიკური რეპრესიებისა და პატიმრობის საფრთხისა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.