საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების შესახებ ახალი, ერთიანი წესები დაამტკიცა. 2026 წლის სექტემბრიდან მოსწავლეებს გაკვეთილების მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების, სმარტფონებისა და სმარტ-საათების გამოყენება აეკრძალებათ.

ახალი რეგულაციის თანახმად, მოწყობილობები არ უნდა იყოს ჩართული და არ უნდა ინახებოდეს მოსწავლესთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლის ადმინისტრაციისგან სპეციალური ნებართვა არსებობს. სკოლებს სექტემბრამდე დრო აქვთ, რომ მოამზადონ ინფრასტრუქტურა და შეიძინონ სპეციალური სათავსოები ან კარადა-სეიფები, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების დაწყებამდე საკუთარ გაჯეტებს განათავსებენ.

გამონაკლისი შემთხვევები დაშვებულია მხოლოდ სასწავლო მიზნებისთვის, პედაგოგის ნებართვის საფუძველზე. ასევე, შეზღუდვა არ გავრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის სჭირდებათ ტექნოლოგიური მოწყობილობები და ამის დამადასტურებელი სამედიცინო დოკუმენტაცია გააჩნიათ. განსაკუთრებული შემთხვევები და საგანგებო სიტუაციები სკოლების შიდა განაწესით დარეგულირდება.

კომუნიკაცია მშობლებთან

ახალი წესები ცვლის მშობლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ფორმატსაც. სასწავლო დღის განმავლობაში მშობლები შვილებს პირად ტელეფონებზე ვეღარ დაუკავშირდებიან. კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოფიციალური არხების საშუალებით, როგორებიცაა სკოლის ადმინისტრაციის საკონტაქტო ნომრები, კლასის დამრიგებლები, ელექტრონული ფოსტა ან სკოლის საინფორმაციო სისტემები.

სკოლის დირექტორები პასუხისმგებელ პირებს დანიშნავენ, რომლებიც მოწყობილობების მიღებას, შენახვასა და დაბრუნებას გაუძღვებიან. იმ შემთხვევაში, თუ შენახვის პერიოდში ტელეფონი დაზიანდა ან დაიკარგა, ზიანის ანაზღაურების საკითხი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება.

სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლები ვალდებულნი არიან, მშობლებს დეტალურად გააცნონ ახალი რეგულაციები და უზრუნველყონ მათთვის შესაბამის დოკუმენტაციაზე თავისუფალი წვდომა.