საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი, ზოგადი წესი დაამტკიცა. ცვლილებები მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის მოწესრიგებას და მოსწავლეთა ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას გაკვეთილებზე.
ახალი რეგულაციის თანახმად, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მობილური ტელეფონების, სმარტფონებისა და „ჭკვიანი“ საათების არამიზნობრივი გამოყენება აიკრძალება. არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში ქონა ან გამოყენება მასწავლებლის ან სკოლის უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობის გარეშე.
ტექნიკური ვალდებულებები სკოლებისთვის
სკოლებს დაევალათ, 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ყველა აუცილებელი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიება. ეს გულისხმობს სპეციალური სათავსების შესყიდვასა და მონტაჟს, სადაც მოსწავლეები ტელეფონებსა და სხვა გაჯეტებს გაკვეთილების მიმდინარეობისას შეინახავენ.
გამონაკლისი შემთხვევები
მიუხედავად შეზღუდვებისა, არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მოსწავლეს ტექნიკის გამოყენების უფლება ექნება:
- სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის, პედაგოგის წინასწარი თანხმობით;
- ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის — მშობლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებში;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
სამინისტროს ბრძანებით, მოსწავლესა და მშობელს შორის კომუნიკაცია სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრული საკომუნიკაციო არხების საშუალებით მოხდება. ამ ნაბიჯით სახელმწიფო ცდილობს, სკოლის სივრცეში ტექნოლოგიების დესტრუქციული გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოს და სასწავლო გარემო უფრო ეფექტური გახადოს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.