საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ელექტრონული მოწყობილობების გამოყენების წესი იცვლება. განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ზვიად გაბისონიას ბრძანების თანახმად, მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განმავლობაში ტელეფონებისა და სხვა გაჯეტების თავისუფლად გამოყენება შეეზღუდებათ.
რა იცვლება 2026 წლის 1 სექტემბრიდან?
ახალი რეგულაცია ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შედის. აკრძალვა ვრცელდება პირველი გაკვეთილის დაწყებიდან ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე, შესვენებების პერიოდის ჩათვლით.
მოსწავლეები ვალდებულნი იქნებიან, მობილური ტელეფონები და „ჭკვიანი“ საათები გამორთულ მდგომარეობაში მოათავსონ სკოლის მიერ გამოყოფილ სპეციალურ სათავსებში. რაც შეეხება ლეპტოპებსა და პლანშეტებს, მათი შენახვა შესაძლებელი იქნება ჩანთებში ან სკოლის მიერ განსაზღვრულ სივრცეებში, ასევე გამორთულ მდგომარეობაში.
გამონაკლისი შემთხვევები
ტექნიკის გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ კონკრეტულ, მიზნობრივ შემთხვევებში:
- სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებისთვის, მასწავლებლის თანხმობით;
- ჯანმრთელობის მონიტორინგის საჭიროებისას;
- საგანგებო ან გადაუდებელ სიტუაციებში;
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) მქონე მოსწავლეებისთვის.
სკოლებისა და მშობლების პასუხისმგებლობა
სასწავლო დაწესებულებებს დაეკისრათ ვალდებულება, პირველ სექტემბრამდე უზრუნველყონ საკლასო ოთახებში უსაფრთხო, საკეტიანი ყუთების განთავსება, სადაც თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური სექცია ექნება. დირექტორებმა უნდა დანიშნონ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ტელეფონების შენახვასა და დაბრუნებას გააკონტროლებენ.
სკოლა ვალდებულია, მშობლებს წინასწარ გააცნოს ახალი წესები და განსაზღვროს ოფიციალური არხები, რომლითაც მშობელი შვილთან კავშირს შეძლებს. ახალი რეგულაციები აისახება სკოლების შინაგანაწესშიც.
დისციპლინური პასუხისმგებლობა
წესის დარღვევა გამოიწვევს დისციპლინურ ზომებს. დარღვევის სიმძიმის მიხედვით, სანქციები შეეხება როგორც მოსწავლეებს, ისე იმ სკოლებს, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს ვერ შეასრულებენ. კონკრეტული ზომები განსაზღვრული იქნება სკოლის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.