ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრის ფარგლებში, ევროპის 34 ქვეყნის დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზა იყო.
სტუმრებს შორის იყვნენ გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ ადგილზე დაათვალიერეს ქართული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები და გაეცნენ მცენარეთა გენეტიკური რესურსების მოძიების, აღდგენისა და კონსერვაციის პროცესებს.
ECPGR-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, იენს ვეიბულმა, საქართველოს გენეტიკური მემკვიდრეობა განსაკუთრებულად შეაფასა. მისი თქმით, ჯიღაურას ბაზაზე დაცული კოლექციები ნათლად წარმოაჩენს იმ მდიდარ მრავალფეროვნებას, რომელსაც ქვეყანა ფლობს.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტები ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცესაც ესტუმრნენ. მათ დააგემოვნეს იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები და გაეცნენ მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს.
ეროვნული გენბანკის მნიშვნელობა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები საქართველოსთვის ევროპულ კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა.
უჯმაჯურიძემ ხაზი გაუსვა ეროვნული გენეტიკური ბანკის შექმნის პროცესს, რაც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს. საქართველო ECPGR-ის წევრი 2019 წლიდან არის და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის საერთაშორისო ინიციატივებში.
ECPGR-ის მმართველი საბჭოს შეხვედრა, რომელიც საქართველოში 1-4 ივნისს გაიმართა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების საკითხებს დაეთმო. მონაწილეებმა პროგრამის სამომავლო პრიორიტეტები და განვითარების გზებიც განიხილეს.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.