სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა ოპოზიციური ბლოკ "ძლიერი სომხეთის" 7 ივნისის კენჭისყრიდან მოხსნაზე. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომისიას დისკვალიფიკაციის მოთხოვნით პროევროპულმა პარტიამ "რესპუბლიკამ" მიმართა.

პარტია "რესპუბლიკის" არგუმენტი "ძლიერი სომხეთის" კანდიდატების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები იყო, რომლებიც ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვას უკავშირდება. საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სატელევიზიო დებატებისას თავად პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ახსენა ოპონენტების მიმართ არსებული ეჭვები.

ფაშინიანის თქმით, მის პოლიტიკურ ძალას კომისიისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს, რათა თავიდან აეცილებინა ბრალდებები, თითქოს ის მეტოქეების მოხსნას მარცხის შიშით ცდილობს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს საკუთარი ინიციატივით მოქმედების სრული თავისუფლება ჰქონდათ.

წინასაარჩევნო გარემო კრიტიკულად დაძაბულია. გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ "ძლიერი სომხეთის" დეპუტატობის ექვსი კანდიდატი სასამართლომ დააპატიმრა. მათ ფულის გათეთრებასა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს ედავებიან. ამავე ბლოკის სიის ლიდერი, ნარეკ კარაპეტიანი კი რუსეთის მოქალაქეობის დამალვის გამო სისხლის სამართლის დევნის ქვეშ იმყოფება.

სომხეთში არჩევნები 7 ივნისს არის დანიშნული და ის ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო დაძაბვის ფონზე მიმდინარეობს. რუსი მაღალჩინოსნები ღიად აკრიტიკებენ ფაშინიანს დასავლეთთან დაახლოების გამო. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში მწვავე განცხადებაც კი გააკეთა და ფაშინიანის მიერ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა გააკრიტიკა.

მიუხედავად დაძაბულობისა, ამ დროისთვის სომხეთში საარჩევნო სიიდან არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ მოუხსნიათ. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ლიდერობს ნიკოლ ფაშინიანის "სამოქალაქო შეთანხმება", ხოლო "ძლიერი სომხეთი" მეორე ადგილისთვის იბრძვის.