საქართველოს ბანკმა, განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კომაროვის სკოლასთან ერთად უკვე მეოთხე წელია STEM ოლიმპიადას ატარებს. წელს პროექტმა განსაკუთრებული მასშტაბი მიიღო და 160-ზე მეტი სკოლის 800-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა.

ოლიმპიადის ფინალური ეტაპი ალტე უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც რეგიონებიდან შერჩეული საუკეთესო 10 გუნდი ერთმანეთს პრაქტიკულ დავალებებსა და ტექნოლოგიურ პროექტებში დაუპირისპირდა. ფინალისტებს წინ უძღოდათ 40-საათიანი ინტენსიური კურსი ციფრულ ინჟინერიასა და პროგრამირებაში, რომელსაც კომაროვის სკოლის სპეციალისტები უძღვებოდნენ.

გამარჯვებულები და ჯილდოები

ძირითად ლიგაში გამარჯვება თბილისის თავისუფალმა სკოლამ მოიპოვა, რომელსაც საქართველოს ბანკისგან 10 000 ლარი გადაეცა. მეორე ადგილზე ბრიტანულ-ქართული აკადემია გავიდა (5 000 ლარი), ხოლო მესამე ადგილი დამოუკიდებელმა საერო სკოლამ „შავნაბადამ“ დაიკავა (3 000 ლარი).

ფიზიკა-მათემატიკური სკოლების ლიგაში საუკეთესო ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა გახდა, რომელსაც 3 000-ლარიანი ჯილდო გადაეცა.

ფინალისტების სია

გამარჯვებულების გარდა, ფინალში წარმატებით იასპარეზეს შემდეგმა სასწავლებლებმა:

  • ქალაქ ფოთის №3 საჯარო სკოლა
  • სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“
  • ახალციხის №1 საჯარო სკოლა
  • სკოლა „სადუნი“
  • გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია
  • ქართულ-ამერიკული სკოლა
  • ნიუტონის თავისუფალი სკოლა

ოლიმპიადის ფარგლებში ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ტექნოლოგიური ხედვები პროფესიონალ ჟიურის წარუდგინეს.